ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების კონტაქტებს იკვლევენ.
„ამჟამად, სხვა თანამშრომლებს ეპიდემიის სიმპტომები არ აღენიშნებათ. მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ ტესტირება. სასწრაფოში საკმარისი რაოდენობის ექიმები, ექთნები და მძღოლები არიან, რომლებიც გრაფიკს გადაინაწილებენ. ასე რომ, მოსახლეობას უსაფრთხოდ, ჩვეულ რეჟიმში შეუძლია სასწრაფო დახმარების მომსახურების მიღება“, – აცხადებს მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნია ბჟალავა სვანეთის სათემო რადიოსთან საუბრისას.
ნია ბჟალავა მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად გამოიყენონ პირბადე და მოერიდონ ხალხმრავალ ქორწილებსა და გასვენებებს.
მესტიის ადგილობრივი საავადმყოფო კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებს, რადგან ადგილზე ცხელების ცენტრი არ აქვთ. კოვიდ-ინფექციის მძიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს სასწრაფო დახმარებას უახლოეს ცხელების ცენტრებში – ჭითაწყარსა და ზუგდიდში აღმოუჩენენ.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ზემო სვანეთში 10 აგვისტოს დაფიქსირდა, რის შემდეგაც სვანეთი ორი კვირით ჩაიკეტა. ზემო სვანეთში, პირველი ოქტომბრიდან დღემდე კორონავირუსის 134 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 49 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 85 ინფიცირებული მკურნალობას თვითიზოლაციაში აგრძელებს. ზემო სვანეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.